ყნოსვის ფუნდამენტური როლი

16 March, 2021

ყნოსვის ფუნდამენტური როლი

თვითგადარჩენისთვის დღეს ადამიანს ნაკლებად სჭირდება ყნოსვა. თუმცა, ეს გრძნობა ჩვენი სახეობის ევოლუციის განუყოფელი ნაწილია. დედამიწაზე არსებობის ადრეულ წლებში, ადამიანებისა და ცხოველებისთვის ყნოსვას სასიცოცლო მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მისი საშუალებით ისინი ეძებდნენ და პოულობდნენ საჭმელს და წყალს, ამოიცნობდნენ საფრთხეს და ირჩევდნენ პარტნიორს რეპროდუქციისთვის. ყნოსვის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა ერთმა რევოლუციურმა აღმოჩენამ: ჩვენი ყნოსვა უკეთ აღიქვამს იმ სუნს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი სახეობის თვითგადარჩენისთვის. ასე მაგალითად, ადამიანები კარგად არჩევენ სხვადასხვა მცენარეულ სუნს, მაშინ, როდესაც ცხოველები, მაგალითად, ძაღლები, უფრო წარმატებით აგნებენ ნაერთებს, რომლებიც მათთვის საკვებად ვარგის მსხვერპლს უკავშირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყნოსვის ამომცნობი გენი ჩვენ გადმოგვეცა ჩვენი მცენარეების შემგროვებელი წინაპრებისგან, ხოლო ძაღლებს - მათი ხორცისმჭამელი წინაპრებისგან იმისთვის, რომ ჩვენი სახეობები გადარჩენილიყო.

ყნოსვა არა მხოლოდ თავისთავადაა მნიშვნელოვანი, არამედ მას დიდი გავლენა აქვს სხვა გრძნობის ორგანოებსა და ჩვენი სხეულის და ტვინის ფუნქციონირებაზე. მაგალითად, ჩვენ მიერ აღქმული გემოს 80 % ყნოსვიდან მოდის. სწორედ ამიტომ, საკვები კარგავს გემოს მაშინ, როდესაც ავად ხართ და ცხვირით სუნთქვა გიჭირთ. გემოს აღქმა საბაზისო ინსტინქტია - არსებობს სულ 5 წამყვანი გემო: ტკბილი, მლაშე, მჟავე, ცხარე და უმამი. ყნოსვა გვეხმარება უფრო ზუსტი და კომპლექსური არომატების სურათის შექმნაში. იმის გამო, რომ ყნოსვა ასე მჭიდროდაა დაკავშირებული გემოსთან, როდესაც ყნოსვა სუსტდება, საკვები გემოს კარგავს და ადამიანები ხშირად სხვა საკვებს ამჯობინებენ ხოლმე.

 ჩვენი წინაპრებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ შინაგანი ინტუიციაც, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სუნს და საფრთხეს. როდესაც შეიგრძნობთ გაზქურიდან გამოჟონილი ბუნებრივი აირის, კვამლის ან გაფუჭებული საჭმლის სუნს, ეს არასასიამოვნო სიგნალები გადაეცემა ჩვენს ტვინს მოსალოდნელი საფრთხის ამოსაცნობად. სუნი არა მხოლოდ მიგვანიშნებს მოახლოებული საშიშროების შესახებ, არამედ ყნოსვის დაკარგვა შეიძლება იმის ინდიკატორიც გახდეს, რომ არსებობს სრულიად განსხვავებული საფრთხეებიც. ზოგიერთ შემთხვევაში, ყნოსვის დაკარგვა შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული დაავადებების განვითარების ადრეული ნიშანი, როგორიცაა პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერი ან გაფანტული სკლეროზი. გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დაკარგვა კოვიდ-19-ისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სიმპტომია, რომლის გრძელვადიანი ეფექტი ჯერ კიდევ უცნობია. მათთვის, ვინც ყნოსვის შეგრძნებას კარგავს, ცხოვრება შეიძლება მთლიანად შეიცვალოს. ყნოსვის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა შეგრძნებების და ემოციების შესუსტებაც, რადგან სუნს და ემოციებს გადაამუშავებს ტვინის ერთი და იგივე უბანი. თუმცა ცხოვრება გრძელდება, ხოლო ადამიანებს ახალ რეალობასთან ადაპტირების არაჩვეულებრივი უნარი გააჩნიათ. და მაინც, თუ რამე მოხდა, სწორედ მაშინ ვხვდებით ყნოსვის განუზომელ მნიშვნელობას და ვაფასებთ მის როლს ჩვენს ცხოვრებაში.

Paragraph