ყველაფერი აბსოლუტის შესახებ

16 December, 2015

ყველაფერი აბსოლუტის შესახებ

აბსოლუტი ბუნებრივი მცენარეების წყაროდან მიღებული არომატის ყველაზე სუფთა და სურნელოვან ფორმად ითვლება. ეს უმაღლესი კონცენტრაციის პროდუქტი უფრო არომატულია, ვიდრე ეთერზეთი და ხშირად წარმოადგენს ყველაზე ნამდვილ სურნელს, რომელსაც ბუნება გვაძლევს. არომატის გამოსახდელად რამდენიმე მეთოდი არსებობს. შედეგად ვიღებთ მშვენიერსა და დახვეწილ ეთეროვან ზეთებს, სურნელოვან კონკრეტებს და აბსოლუტებს.

დაწნეხვა არომატის ექსტრაქციის მეთოდია, რომელსაც ძირითადად, ციტრუსების ეთერზეთების მისაღებად იყენებენ, რადგან ციტრუსის ქერქში დიდი რაოდენობითაა ზეთოვანი ნივთიერება. ციტრუსოვანი მცენარის კანი ცივი დაწნეხვის მეთოდით მუშავდება და ნაყოფის ქერქიდან მთლიანად გამოიდევნება ზეთი. ამგვარად, ვიღებთ ციტრუსის ეთერზეთს.

დისტილაცია და ორთქლით დისტილაცია ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდებია ევკალიპტის, პიტნის, ლავანდის და სხვა ბუნებრივი რესურსების დასამუშავებლად, რადგან ისინი უძლებენ მაღალ ტემპერატურას. ამგვარი დისტილაციის დროს, ნედლეული ცხელდება, არომატული ნაერთები გამოიდევნება და ინახება კონდენსირებული სახით. ორთქლით დისტილაცია მსგავსი პროცესია. ამ შემთხვევაში, ორთქლი გაივლის ნედლეულში და კონდენსაციის შედეგად მიიღება არომატული ზეთის ზედა და წყლის ქვედა ფენები, რომელთა განცალკევება ძალიან ადვილია.

აბსოლუტის მიღება გამხსნელებით ზემოქმედების ექსტრაქციის მეთოდია, რომლის დროსაც არ ხდება მაღალი ტემპერატურის გამოყენება, რაც იდეალური საშუალებაა მგრძნობიარე ნედლეულის, მაგალითად, ვარდის, ჟასმინის და ტუბეროზის დასამუშავებლად, რადგან ეს ნედლეული მაღალი ტემპერატურისა და ორთქლით დისტილაციის დროს ზიანდება. თავდაპირველად, ხდება ნედლი მასალის ჩაშვება გამხსნელში. მასში იხსნება ორგანული ნივთიერებები, სასურველი სურნელის მქონე ნაერთები და სხვა მცენარეული ნაერთები გამოცალკევდება. მიღებული პროდუქტი სქელი, ფისივით ბლანტი ან ცვილისებური ფაქტურის მასალაა, რომელსაც კონკრეტი ჰქვია. შემდეგ, ექსტრაქციის შედეგად ხდება კონკრეტის გამოხდა ეთანოლის გამოყენებით, რომლის დროსაც მიღებულ პროდუქტს მოშორდება ყველა ორგანული ნარჩენი და რჩება მხოლოდ სუფთა არომატული ზეთი. შედეგად, ვიღებთ ძლიერი არომატის მქონე აბსოლუტს, რომლის არომატი დიდხანს რჩება, არის მძაფრი და ძალიან ჰგავს ნედლი მასალის სურნელს.

აბსოლუტის მიღების ეს მეთოდი ახალი არ არის. მიუხედავად ამისა, აბსოლუტის ფორმულით დღესაც არაერთი ახალი სუნამო იქმნება. იმის გამო, რომ აბსოლუტი ბუნებრივი სურნელის ყველაზე სუფთა ფორმაა, ეს ძვირადღირებული ინგრედიენტი პარფიუმერიის სფეროში ამკვიდრებს ფუფუნების, ხარისხისა და მდგრადობის სტანდარტებს. აბსოლუტის ცნობილი არომატებია ტომ ფორდის Champaca Absolute, Amber Absolute, და Patchouli Absolu, ასევე, ჰერმესის Jour D’hermes Absolu. სხვა პარფიუმერები თავიდან ამუშავებენ არსებულ ფორმულებს აბსოლუტის უფრო მეტად კონცენტრირებული ვარიანტების მისაღებად. უფრო ინტენსიური, ღრმა და უფრო ძლიერი ვერსიებით, ისინი უფრო მეტად აღვივებენ ინტერესს სურნელების სფეროს მიმართ.