ყავის მარცვლები ყნოსვის „გადასატვირთად

07 January, 2015

ყავის მარცვლები ყნოსვის „გადასატვირთად

შეიარეთ პარფიუმერიის რომელიმე მაღაზიაში და თქვენ აუცილებლად ნახავთ ყავის მარცვლებით სავსე პატარა ჯამებს, რომლებიც სუნამოებს შორისაა დალაგებული. კონსულტანტი ალბათ გირჩევთ, რომ რამდენიმე სუნამოს გასინჯვის შემდეგ, ყავის მარცვლებით სავსე ჭურჭელი ცხვირთან ახლოს მიიტანოთ და დაყნოსოთ. ითვლება, რომ ყავის მარცვლების სურნელი ჩვენი ცხვირის რეცეპტორებისთვის გამწმენდის მოვალეობას ასრულებს, რაც საშუალებას გვაძლევს სუნამოები ერთი მეორის მიყოლებით შევისუნთქოთ.

რატომ უნდა მოიქცეთ ასე? ყნოსვითი „გადაღლა“ და ყნოსვითი მიჩვევა ნამდვილად არსებობს და მას სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ. არსი ასეთია: ცხვირში არსებული ყნოსვის ჯირკვლები გარკვეული დროის შემდეგ სუნის ცნობას იწყებენ (მაგალითად იმ სუნამოს ცნობას, რომელიც მთელი დღე გასხიათ), შესაბამისად, ისინი აღარ გაწვდიან სიგნალს და თქვენ ფიქრობთ, რომ სურნელი გაქრა. ეს სენსორული ადაპტაციის მაგალითია. სხეული მგრძნობელობას კარგავს გამღიზიანებლების მიმართ, რათა ნერვული სისტემა გადაღლისგან დაიცვას, ამიტომ მას საპასუხო რეაქცია მხოლოდ ახალ, „შეუჩვეველ“ სუნზე ექნება. აქვს თუ არა ყავის მარცვალს ჯადოსნური პატარა მოლეკულური კომპონენტი, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ყნოსვა საწყის მდგომარეობაში მოვიყვანოთ, ასე ვთქვათ, „გადავტვირთოთ“? აღმოჩნდა, რომ პასუხია „არა“! დოქტორმა ალექსის გროსოფსკიმ, ბელოიტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის განყოფილებიდან, მეცნიერულად დაამტკიცა, რომ ყავის მარცვლები არ გვეხმარება ჩვენი ყნოსვითი შეგრძნებების გასუფთავებასა და გადატვირთვაში. სრულად ამის შესახებ წაიკითხეთ აქ.

ალბათ, სულ გაინტერესებდათ, მაინც, რატომ დევს ყავის მარცვლები პარფიუმერულ მაღაზიებში. ეს მითი უკვე იმდენი ხანია არსებობს, რომ თითქმის შეუძლებელია, იპოვოთ პარფიუმერული მაღაზია ყავის მარცვლების გარეშე! თუმცა, სამწუხაროდ, ეს ხერხი არ ემსახურება პირდაპირ მიზანს, მხოლოდ ყურადღების გადატანის ფსიქოლოგიური დანიშნულება აქვს. ბიოლოგიურად, ჩვენს ცხვირს შეუძლია სხვადასხვა სურნელი საათების განმავლობაში შეიგრძნოს.

მაშ, რა გამოვიყენოთ, როდესაც ე.წ. ყნოსვით მიჩვევას შევამჩნევთ საკუთარ თავს? პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ. ყნოსვის გადასახალისებლად შეგიძლიათ, უბრალოდ საკუთარი კანი დაყნოსოთ. პარფიუმერები, როგორც წესი, საკუთარ მოხრილ მკლავს ყნოსავენ ხოლმე. საკუთარ სუნს ყველა მიჩვეულები ვართ, ამიტომ ეს მეთოდი საუკეთესო გზაა საწყის წერტილთან დასაბრუნებლად. აღარ იფიქროთ ყავის მარცვლებზე და შეიყნოსეთ საკუთარი სხეულის სუნი.