ეთეროვანი ფორთოხლის ყვავილები

16 January, 2017

ეთეროვანი ფორთოხლის ყვავილები

ფორთოხლის ხე სუნამოების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი მცენარეა. მისი ყველა ნაწილის გამოყენება შეიძლება ნედლ მასალად. ნაზი, თეთრი ყვავილებისგან მზადდება ეთერზეთები - ფლერდორანჟი და ნეროლი, რომლებიც სუნამოების ინდუსტრიაში პოპულარული ინგრედიენტებია და შეაქვთ საკუთარი ნოტები სუნამოების კომპოზიციებში, ცოცხალი შტრიხები ყვავილოვან არომატულ თაიგულებში და მონაწილეობას იღებენ კლასიკური ოდეკოლონების სუნთა კომპლექსის ფორმირებაში.

ფლერდორანჟიც და ნეროლიც ერთი და იგივე სურნელოვანი ყვავილისგან მზადდება გამოხდის განსხვავებული მეთოდებით, რაც განსაზღვრავს ამ ეთერზეთების ტექსტურასა და სუნის მახასიათებლებს. ფორთოხლის ხის ყვავილები ხელით იკრიფება გვიან აპრილსა და ადრეულ მაისში, როდესაც მათგან ეთერზეთის გამოხდაა შესაძლებელი.

ფლერდორანჟის უფრო მდიდარი, სქელი და უფრო აგრესიული სურნელის მქონე აბსოლუტი გამხსნელების გამოყენებით მიიღება. ახლად დაკრეფილი ყვავილების ორთქლით დისტილაციის მეთოდით მიღებული ნეროლი, უფრო ღია ფერის და მსუბუქი სურნელის მქონე ზეთია. ფლერდორანჟი პარფიუმერის რჩეული ზეთია, რადგან ის მცირე კონცენტრაციითაც კი ძლიერი და მდიდარი სურნელის მქონე მასალაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აღაფრთოვანებდა პარფიუმერებს თავისი დეკადენტური, ეგზოტიკური და სენსუალური სუნით. მის არომატს აღწერენ, როგორც თბილს, ყვავილოვანს, მდიდრულს და ჟასმინისმაგვარს. მას ხშირად იყენებენ ბუნებრივ პარფიუმერულ ნაწარმში, და ის ჰარმონიულად ერწყმის სხვა ციტრუსოვან, ყვავილოვან და ხის ნოტებს.

500 გრამი ნეროლის ზეთის მისაღებად 500 კილოგრამი ნარინჯის ხის ყვავილია საჭირო. ამის გამო ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ციტრუსოვანი ეთერზეთია. თუმცა ამ ეგზოტიკურ სურნელს იმდენად ფართო გამოყენება და სარგებელი აქვს, რომ მისი წარმოება ამად ღირს. ფლერდორანჟისგან განხვავებით, ნეროლის მძაფრი და უფრო დახვეწილი არომატი, სასიამოვნოდ მწარე ზედა ნოტებით და მწვანე, ბალახოვანი ძირითადი ნოტებით გამოირჩევა. სახელი დაერქვა მე-16 საუკუნის იტალიელი პრინცესას ანა მარია დე ლა ტრემუაიე ნეროლელის სახელის მიხედვით, რომელსაც ძალიან უყვარდა ფორთოხლის ხის ყვავილების სურნელი და ამ მცენარის ეთერზეთი იტალიაში შეიტანა. ყვავილოვანი არომატისა და არატოქსიკური ბუნების გამო, ნეროლი სუნამოების შექმნის ერთ-ერთი კლასიკური ელემენტია, რომელსაც ამ ინდუსტრიაში ხშირად იყენებენ.