გახდი ყნოსვის ექსპერტი და გაიუმჯობესე ყნოსვა. ამისთვის ჩვენ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ. დაიწყე ყოველდღიურად შენს გარშემო არსებულ სუნზე დაკვირვება.
შეისუნთქე ყავა და ჩაი. სანამ პირველ ყლუპს მოსვამ; შეიგრძენი პიტნის მკვეთრი გემო კბილის პასტაში ან ციტრუსის სიტკბო ტანის დამნამავ კრემში; იგრძენი ახლადგაკრეჭილი ბალახისა და სველი ფოთლების სურნელი. ამ მცირე და თითქოს ჩვეულებრივი დეტალების შეცნობით აუცილებლად გაიუმჯობესებ ყნოსვითი ასოციაციებს და გაიღრმავებ აღქმას.
ჩართე ყნოსვის რეცეპტორები და აარჩიე რამდენიმე სურნელი, რომელიც ძალიან მოგწონს. ყოველდღე შეისუნთქე საყვარელი არომატები. სჯობს, რამდენჯერმე მსუბუქად დაყნოსო, ვიდრე ღრმად შეისუნთქო. შემდეგ, საჭიროა ცხვირის ღრუს რეცეპტორების ნეიტრალიზება. ამისთვის დაყნოსე საკუთარი კანი მაჯაზე ან ხელზე. გააძლიერე ყნოსვითი მეხსიერება საყვარელი არომატების ვიზუალიზაციით დაყნოსვამდე და დაყნოსვის შემდეგ. პერიოდულად ცვალე არომატები, გაიფართოვე ყნოსვითი ასოციაციები და ყავაში, ღვინოსა და სუნამოებში კონკრეტული სურნელებისთვის დამახასიათებელი შტრიხების ამოცნობის უნარი.
კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი ყნოსვა, ამგვარი სავარჯიშოების შემდეგ, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ისარგებლე კიდევ ერთი უპირატესობით, რათა გაიუმჯობესო ყნოსვითი შესაძლებლობები - ხშირად ეწვიე სავარჯიშო დარბაზს. ითვლება, რომ კვირაში თუნდაც ერთხელ ინტენსიური ვარჯიში ადამიანს ყნოსვის დაქვეითებისგან იცავს ასაკის მატების პროცესში.
იმის გამო, რომ ჩვენი ყნოსვა პირდაპირ არის დაკავშირებული გემოს შეგრძნებასთან, გაუმჯობესებული ყნოსვით საკვების გემოც უფრო ინტენსიური გახდება. უკეთესი ყნოსვით შეამჩნევ, რომ სურნელები და მოგონებები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რადგან სულ ერთ მსუბუქ სურნელს შეუძლია გადაგიყვანოს ნოსტალგიურ ფანტაზიებში. არომატს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ემოციებსა და განწყობაზე. სწორი არომატის არჩევით შეგიძლია, მომენტალურად გამოიკეთო ხასიათი და შეიქმნა ჰარმონიული განწყობა.